ძილის წინ საკითხავი

რა უნდა წავუკითხოთ ბავშვებს ძილის წინ?

ძილის წინ წაკითხული ზღაპარი ერთგვარი მშვიდი ძილის წინაპირობაა. ოღონდ არა მოკლე, არამედ დიდი, სიტუაციური, სიყვარულით, სითბოთი და ზრუნვით გაჟღენთილი. ძილის წინ წაკითხული ზღაპარი ერთგვარი კომუნიკაციაა ბავშვთან, მისთვის გასაგებ და ჯადოსნურ ენაზე, ეს არის პატარა და უსაფრთხო ცხოვრებისეული გაკვეთილები.

თუმცა, ძილის წინ ყველა ზღაპრის წაკითხვა არ შეიძლება, ისევე როგორც ნებისმიერი ზღაპრის წაკითხვა არაა საინტერესო დღის განმავლობაში.

თუ გსურთ რომ პატარამ მალე დაიძინოს, წაუკითხეთ მას მარტივი და მშვიდი ზღაპარი, ყური დაუგდეთ თქვენს მიერ წაკითხულს, რამდენად მშვიდად ჟღერს იგი. ეს არის წუთები, როდესაც პატარასთვის ამქვეყნად არსებობს მხოლოდ ერთი ხმა, რომელიც აყალიბებს მის განწყობას, აზრებსა და სახეებს, ამ ყველაფერს კი ბავშვი ნელ-ნელა გადაყავს ძილის მდგომარეობაში.

ძილის წინ მოსმენილი ისტორია განსაზღვრავს ბავშვის სიზმრების მიმდინარეობას, რადგანაც მშვიდი ძილის სურვება - ეს არაა მხოლოდ სიტყვები, არამედ ესაა ერთგვარი დღის შეჯამება, ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური მომენტები ბავშვისა და მოზრდილის კომუნიკაციისას.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოქმედებებითა და ემოციებით დატვირთულმა სიუჟეტმა შესაძლოა ისე ჩაითრიოს ბავშვის ყურადღება, რომ მან ისევე განიცადოს მოვლენები, როგორც მთავარმა მოქმედმა გმირებმა, ამის ფონზე კი მოითხოვოს ხელმეორედ წაკითხვა ან ამბის გაგრძელება(მაგალითად, თუ მგელმა წითელქუდა შეჭამა), აი აქ კი უკვე შესაძლოა ძილი გადავადდეს, თუმცა დინამიური და საინტერესო ზღაპრები, რომლებიც დღის განმავლობაში იკითხება, ბავშვში გააღვიძებს წიგნების, კითხვის სიყვარულსა და ზღაპრების მიმართ ინტერესს. თქვენ ხომ კითხვა ისევ დაუსრულებელ ეპიზოდზე შეაჩერეთ, გმირების შემდგომი თავგადასავალი კი ძალიან საინტერესოა პატარასათვის.

ძილის წინ წაკითხული ლექსები ან ზღაპრები უნდა იყოს კეთილი და არ უნდა ჰქონდეთ ჩახლართული სიუჟეტი, იმისათვის რომ ბავშვმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და შეძლოს მარტივად დაძინება, ხოლო ძილის წინა რუტინა და სამზადისი უნდა იყოს ოჯახისათვის აუცილებელი „ტრადიცია“, ყოველ საღამოს.

ფსიქოლოგიაში არსებობს ცალკე მიმართულება-ზღაპრის თერაპია. მისი ძირითადი იდეაა რომ ბავშვმა თავი გააიგივოს მთვარ გმირებთან, იცხოვროს მათთან ერთად და ისწავლოს მის შეცდომებზე, შესაბამისად ბავშვს აქვს შანსი მოირგოს სხვადასხვა როლები, იყოს ბოროტი ან კეთილი პერსონაჟი, მდიდარი ან ღარიბი. მას შეუძლია თავის წარმოსახვაში ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით წარმოიდგინოს განსხვავებული ცხოვრებისეული სიტუაციები(გარემოებები) და განსხვავებულად იმოქმედოს თითოეულ მათგანში. პატარა ადამიანი სწავლობს თანაგრძნობას, ხდება უფრო ყურადღებიანი და მომთმენი.

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი ცხოვრებისეულად გადის საყვარელი ზღაპრის სიუჟეტს. თუ რომელი ზღაპარი გახდება თქვენი პატარასთვის გამორჩეული და საყვარელი, შესაძლოა აარჩიოთ მასთან ერთად.

შეეცადეთ ეს ზღაპარი იყოს ბედნიერი დასასრულით, ასწავლიდეს იგივე ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის.

თუ ფიქრობთ, რომ მოთმინებით და შრომით წარმატებას მიაღწევთ, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ წაიკითხოთ და ბავშვთან ერთად განიხილოთ ზღაპარი „კონკია“, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია და გაქვთ ამის სურვილი შესაძლოა წაიკითხოთ „თოვლის დედოფალი“, მიზანდასახულ გერდასთან ერთად, რომელიც დაგეხმარებათ პატარას დარწმუნებაში.

ზღაპრის კითხვისას ყურადღება მიაქციეთ რომელი გმირი მოსწონს ბავშვს, ვისგან იღებს მაგალითს. შევთანხმდეთ რომ ზღაპარში „თოვლის დედოფალი“ კაი არის პასიურ პოზიციაში და არ წარმოადგენს თავდაჯერებული, წარმატებული გადაწყვეტილებების მიღების მაგალითს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია კარგად სრულდება.

არ შეგეშინდეთ თუ ბავშვს მოსწონს „ბოროტი“ პერსონაჟი ან დინოზავრები. ერთად შეეცადეთ იპოვოთ დადებითი მახასიათებლები, თვისებები, ამ პერსონაჟებში ვიღაც შესაძლოა ძალიან ძლიერია, ვიღაც მზრუნველი, ვიღაც კი კონცენტრირებული თავისი მიზნის მიღწევაზე.

ასე, რომ მანამ სანამ გააჟღერებთ ჯადოსნურ ზღაპარს ან ლექსებს ძილის წინ, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი და დარწმუნდით რომ ის არის მოკლე, მარტივი, ბედნიერი დასასრულით და არის იმ იდეის მატარებელი, რისი მიწოდებაც თქვენ გსურთ, თქვენი პატარასათვის.

დაე მუდამ ჟღერდეს კეთილი სურვილები ძილის წინ, არა მხოლოდ მარტივი წინადადებებით, არამედ კეთილი და ჯადოსნური ზღაპრების დახმარებით.

ავტორი: ანა ნინუა


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია