ფიზიკური გარემოს მოწყობა

ფიზიკური გარემოს მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის განვითარებისათვის. სწორად სტრუქტურირებული და ათვისებული სივრცე დიდ გავლენას ახდენს ბავშვის აქტივობის პროცესში ჩართულობაზე, უფროსებთან და თანატოლებთან ინტერაქციის დონეზე, შესაბამისად გავლენას ახდენს განვითარების დინამიკაზე.


კარგად სტრუქტურირებული გარემო ბავშვში ბადებს ემოციური დაცულობის შეგრძნებას. მცირედ გამოწვევებთან გამკლავება აჩენს კმაყოფილებასა და თავდაჯერებულობას. გარემო უნდა სთავაზობდეს ბავშვს უსაფრთხოდ გარისკვის შესაძლებლობას, რათა ხელი შევუწყოთ დამოუკიდებლობის განვითარებას.


ფუნქციური სივრცეების გამოსაყოფად არ არის აუცილებელი დიდი ფართი, მთავარია, რომ გარემო პასუხობდეს საჭიროებებსა და ინტერესებს. მაგალითად როდესაც ბავშვი ჯდება სამზარეულოს მაგიდასთან და წინ უდევს თეფში, მან ზუსტად იცის, რომ უნდა მიირთვას და არ არის საჭირო ფურცლისა და ფანქრების მომარაგება; ან თუ ზის იატაკზე/ხალიჩაზე და აპირებს კონსტრუქტორის აწყობას არ არის საჭირო საღებავები/პლასტელინი.


განვითარების ხელშემწყობი ფიზიკური გარემო გამოირჩევა იმით, რომ მასში ფუნქციური სივრცეები მკაფიოდაა გამიჯნული და დანახვისთანავე ცნობილი ხდება რა ფუნქციის მატარებელია ესა თუ ის სივრცე. ასეთ სტრუქტურირებულ სივრცეში ბავშვებს თავიდანვე უჩნდებათ მოლოდინი რა უნდა გააკეთონ და რას მოელიან მისგან. ეს მოლოდინი კი ქმნის ემოციურ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ორგანიზებულობას და ასეთ გარემოში ნაკლებად ვლინდება რთული ქცევა.


თუ თქვენ გიჭირთ დამოუკიდებლად მოახდინოთ სივრცის ორგანიზება, გახადოთ ის კომფორტული, ადაპტური და ბავშვის საჭიროებებს მორგებული, მიმართეთ ოკუპაციურ თერაპევტს.



ავტორი: ოკუპაციური თერაპევტი ქეთი ცხვედიაშვილი


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია