პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის: როგორ დავამყაროთ პოზიტიური ურთიერთობა ბავშვთან
პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის: როგორ დავამყაროთ პოზიტიური ურთიერთობა ბავშვთან
ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის ფორმირება ჯანმრთელი ემოციური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. როცა ბავშვი გრძნობს, რომ მის გვერდით ძლიერი, თანმიმდევრული და მზრუნველი მშობელი დგას, მას უყალიბდება უსაფრთხოების განცდა, რაც სამომავლოდ დამოუკიდებელ და ბედნიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.
როგორც თერაპევტს, ყოველდღიურად მაქვს საშუალება ვიმუშაო ოჯახებთან, ვუსმინო მათ ისტორიებს და ვიხილო ბავშვთა ქცევაში მომხდარი პოზიტიური ცვლილებები. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვთან სითბოსა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნაში.
ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ სიყვარული თავისთავად ნიშნავს კარგ ურთიერთობას, თუმცა კავშირი, რომელიც ბავშვისთვის სამომავლო თვითშეფასებას და ემოციურ რეგულაციას განსაზღვრავს, გაცილებით კომპლექსურია.
რა არის პოზიტიური ურთიერთობა?
პოზიტიური ურთიერთობა ნიშნავს ურთიერთ დაფუძნებულ სანდოობას, თანაგრძნობას და ემოციურ ხელმისაწვდომობას. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ ჩვენ მას ვუსმენთ და ნამდვილად გვესმის მისი, ის იწყებს გახსნას, აგებს ნდობას და სწავლობს ემოციური ურთიერთობების მოდელებს, რომელთაც მთელი ცხოვრება თან დაატარებს.
როგორ დავიწყოთ პოზიტიური კავშირის შექმნა?
1. მოუსმინეთ გულწრფელად
ბავშვები ყოველდღიურად განიცდიან პატარა გამარჯვებებს და იმედგაცრუებებს. როცა მშობელი აკვირდება, უსმენს და რეაგირებს, ბავშვი სწავლობს, რომ მისი აზრი ღირებულია.
არ არის საკმარისი მხოლოდ „მოსმენა“ – მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანია.
გამოიყენეთ ფრაზები, როგორიცაა:
„მესმის, რომ გაბრაზდი...“
„მითხარი, რა მოგწონს/არ მოგწონს ამაში?“
2. იყავით თანმიმდევრული და სამართლიანი
ბავშვებს სჭირდებათ სტაბილურობა. როცა მშობლის რეაქციები პროგნოზირებადია, ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. თანმიმდევრულობა ნიშნავს იმასაც, რომ წესები ყველა შემთხვევაში მუშაობს – დღესაც, ხვალაც და ყოველთვის.
3. პოზიტიური გაძლიერება
როდესაც ამჩნევთ ბავშვის დადებით ქცევას, აუცილებლად გამოხატეთ აღიარება. მაგ:
„ძალიან მომეწონა, როგორ გაუზიარე სათამაშო ძმას.“
მსგავსი წახალისება აძლიერებს სასურველ ქცევებს და ზრდის ბავშვის მოტივაციას.
4. შეინარჩუნეთ სიმშვიდე რთულ სიტუაციაში-
ყველა ბავშვს ექნება რთული დღეები, როცა მეტს ტირის, ჯიუტობს ან ემოციებს ვერ აკონტროლებს. სწორედ ასეთ დროს სჭირდება ყველაზე მეტად მშობლის სიმშვიდე. როცა მშობელი რჩება მშვიდად, ის ბავშვს საკუთარ ემოციურ რეგულაციას ასწავლის თავისი ქცევით და აჩვევს მას მშვიდ კომუნიკაციას.
5. დააფასეთ მცდელობა, არა მხოლოდ შედეგი
როცა მშობელი აფასებს ბავშვის ძალისხმევას, ბავშვი სწავლობს, რომ შეცდომა არის განვითარების ნაწილი და შრომა ფასდება. უთხარით: „მომეწონა, რომ ეცადე ეს დამოუკიდებლად გაგეკეთებინა!“
6. ერთობლივი დრო და რუტინა
თუნდაც 10-15 წუთი დღეში საკმარისია პოზიტიური ყურადღების დასამყარებლად. ამ დროს ნუ გამოიყენებთ ტელეფონს, ნუ აძლევთ რჩევებს – იყავით მხოლოდ ბავშვისთვის. ეს არის ექსკლუზიური ყურადღების ტექნიკა, რომელსაც ქცევით თერაპიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამრიგად, პოზიტიური ურთიერთობის შექმნა არ არის ერთჯერადი ქმედება – ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, თანმიმდევრულობას და გულწრფელ სურვილს. როცა ბავშვი გრძნობს, რომ მისი სამყაროს გაგება გსურთ და არ აფასებთ მხოლოდ ქცევების დონეზე, ის იწყებს ნდობის, დამოუკიდებლობისა და ემოციური თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას.
თუ ჩვენ, ზრდასრულები, ბავშვებთან ურთიერთობაში ვიზიარებთ თანაგრძნობას, სტაბილურობასა და სითბოს, ვქმნით საფუძველს მათი წარმატებული ფსიქო-სოციალური განვითარებისთვის.
ავტორი: ნინო დარახველიძე
ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია