თუ ბავშვს ეშინია ექიმთან ვიზიტის

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს რომელსაც თეთრხალათიანი ადამიანების დანახვისას ეშინია და აწყობს ტანტრუმს? ეს შეკითხვა ალბათ ბევრ მშობელს გასჩენია: როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს ეშინია ექიმების?

თუ ბავშვს ერთხელ მაინც ქონია არასასიამოვნო სამედიცინო, პერსონალთან ან პროცედურასთან შეხების გამოცდილება, მაგალითად ასეთი შესაძლოა იყოს აცრა, მაშინ შიშის მიზეზი სრულებით გასაგებია. ბავშვს იპყრობს შიში რომ ყოველ მომდევნო ვიზიტზე შესაძლოა გაუმეორდეს ის ტკივილის შეგრძნება რაც ადრე განუცდია.

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? რა ხერხს უნდა მიმართოს?

პირველ რიგში პოლიკლინიკაში ვიზიტამდე საჭიროა ბავშვს კარგად ავუხსნათ (მისთვის გასაგებად) თუ რატომ მივდივართ პოლიკლინიკაში და რას გულისხმობს ვიზიტი, რას გაუკეთებენ მას.

არ უნდა მოვატყუოთ ბავშვს რომ მას იქ არაფერს არ გაუკეთებენ თუ მას შესაძლოა მოუწიოს შემდგომი აცრის ან სხვა ინექციის გაკეთება. არასოდეს არ მოატყუოთ ბავშვი, რადგან შემდეგ ჯერზე შესაძლოა მან უბრალოდ არ დაგიჯეროთ, რაცარუნდა სიმართლეს ეუბნებოდეთ. თქვენ კი მომავალში ვერ შეძლებთ მის დაყოლიებას შემდგომ გეგმიურ თუ არაგეგმიურ ვიზიტზე.

შეეცადეთ აუხსნათ რისთვის არის საჭირო ესა თუ ის პროცედურა, რათქმაუნდა ბავშვის ასაკის და უნარების გათვალისწინებით. მაგ: აზრი არააქვს 1 წლის ბავშვს ავუხსნათ თუ რატომ ვუკეთებთ აცრას და რა სარგებელი მოაქვს ამას მისი ჯანმრთელობისათვის, ის ამას მაინც ვერ გაიგებს. ასევე არ ღირს 4-5 წლის ბავშვს ვუმტკიცოთ რომ ნემსის ჩხვლეტა უმტკივნეულოა. რადგანაც ამ ასაკში ბავშვი კარგად აღიქვამს თუ რას ნიშნავს ტკივილი და რამ შეიძლება მიაყენოს ეს განცდა. ბავშვს ექიმების შიში უმიზეზოდ არ აქვს. მაგრამ თუ თქვენ გულწრფელად და კარგად ჩაატარებთ ექიმთან ვიზიტის წინ შესაბამის სამუშაოს, ვიზიტისას ბავშვი გაცილებით უფრო მშვიდი იქნება და უკეთ გაუმკლავდება ჩასატარებელ პროცედურებს.


უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა დავაშინოთ ბავშვი ექიმის ხსენებით.

ძნელია რაიმეს თქმა როდესაც მოზრდილები თვითონ აშინებენ ბავშვს ექიმის ხსენებით და არამარტო... „თუ ცუდად მოიქცევი ექიმი მოვა და ნემსს გაგიკეთებს“

მსგავსი მუქარების შემდეგ, გასაკვირი არაა რომ ბავშვს ქვეცნობიერად ეშინოდეს „ავი“ „ბოროტი“- ექიმების, რომლებიც ბავშვებს ტკენენ. საავადმყოფოში/პოლიკლინიკაში ყოველი ვიზიტი კი ბავშვისათვის შესაძლოა ასოცირდებოდეს, ცუდად მოქცევის გამო სასჯელთან.

დაპირდით ბავშვს ჯილდოს, ექიმთან ვიზიტისას კარგად მოქცევის გამო. თუმცა სულაც არაა საჭირო საჩუქრების, სათამაშოების ჩუქება და/ან ტკბილეულით გამასპინძლება, სრულებით საკმარისია ბავშვთან ერთად გასეირნება, კინოში ან პარკში წასვლა, ან თოჯინების თეატრში ვიზიტი (ბავშვის ასაკიდან გამომდინარე).

არიან ბავშვები რომლებსაც ექიმების შიში არ აქვთ თუმცა აღელვებთ უცნაური თეთრი ხალათები. იმისათვის რომ გაუმკლავდნენ ამ შიშს, შესაძლოა სტუმრად მოიწვიოთ ნაცნობი (ახლობელი), რომელთანაც ბავშვს კარგი ურთიერთობა აქვს და ნება დართოთ ითამაშონ ერთად თეთრ ხალათში გამოწყობილებმა.

მიეცით ბავშვს საშუალება სახლის გარემოში ქონდეს კომუნიკაცია, ითამაშოს, შეეჩვიოს. მსგავსი მიდგომა ეხმარება თეთრი ხალათის შიშთან გამკლავებაში.

ითამაშეთ ბავშვთან როლური თამაშები

გახსენით თქვენი „საშინაო საავადმყოფო“, სადაც პაციენტების როლში სათამაშოები იქნებიან, თქვენ კი ბავშვთან ერთად ექიმების როლს მოირგებთ. მიეცით მითითებები თუ რა უნდა გააკეთოს: როგორ უმოწმებს ექიმი ბავშვს ყელს, როგორ უმოწმებს მუცელს, ჩაქუჩით - მუხლებს.

მიმართეთ მოდელირებას ისე რომ ბავშვმა გაიმეოროს თქვენი ქმედებები. თამაშის პროცესში კი ბავშვი დაივიწყებს ექიმების შიშს. ამის შემდეგ შეიძლება როლები გაცვალოთ, მიეცით საშუალება ბავშვს თვითონ შეამოწმოს მისი „პაციენტი“. არ აიძულოთ ბავშვი იყოს თქვენი პაციენტი, თუ ის ამას თვითონ არ მოისურვებს. ეს შესაძლოა მიანიშნებდეს რომ ბავშვი ამისათვის ჯერ არ არის მზად. გააკეთეთ პაუზა და გარკვეული პერიოდის (დროის)შემდეგ ისევ მიუბრუნდით ამ თამაშს.

თუ ბავშვს ყავს უფროსი დედმამიშვილი, ეს კარგი შანსი იქნება რომ ბავშვთან ერთად წახვიდეთ ექიმთან კონსულტაციაზე, როდესაც შემოწმებაზე მიგყავთ უფროსი შვილი. ნახოს პატარამ რომ ექიმი არაფერს საშიშს არ მოიმოქმედებს, ამ დროს კი მისი შიში განელდება.

თუ ექიმის კაბინეტთან დიდი რიგია, შეეცადეთ ბავშვთან ერთად გაერთოთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ, ამ გზით შეძლებთ აარიდოთ საშიში აზრები. კარგი იქნება თუ წინასწარ მოამზადებთ და თან იქონიებთ ბავშვის საყვარელ სათამაშოს ან უშუალოდ ამ შემთხვევისთვის შეძენილ წიგნს ან სათამაშოს. ესაუბრეთ მას, დაათვალიერეთ გარემო და გარშემომყოფები, ეხუმრეთ და ეთამაშეთ მას. ბავშვი რომ მიხვდეს არაფერია საშიში და განსაკუთრებული არაფერი ხდება მის თავს. ასეთ დროს ბავშვი აუცილებლად აიტაცებს თქვენს პოზიტიურ განწყობას და თვითდამშვიდებაც გაუმარტივდება. ბავშვის თანდასწრებით ემოციებს არ აყვეთ. ისინი ხომ ემოციებს ძალიან კარგად ცნობენ და აღიქვამენ, თუ დედა ამბობს ერთს და გულში განიცდის და ფიქრობს სრულიად განსხვავებულად, ბავშვი ამას აუცილებლად მიხვდება და შფოთვის დონე მოემატება.

თუ ბავშვთან წარმართავთ სწორ საუბარს და თვითონ დაიჯერებთ, რომ არაფერი საშიში არ მოხდება, ამ შემთხვევაში ექიმი არასოდეს გახდება მისთვის ფარული კოშმარი.

გისურვებთ ექიმთან სასიამოვნო ვიზიტებს და კარგ ჯანმრთელობას.

ავტორი: ანა ნინუა


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია