დამოუკიდებლობის უნარები

სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ადამიანები, გარკვეულ მეურვის მხრიდან მხარდაჭერასა და მზრუნველობას საჭიროებენ. აუტიზმის შემთხვევაში, აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ ასისტირება და ხშირ შემთხვევაში მუდმივი მეთვალყურეობა ოჯახის წევრებისა და მზრუნველებისგან. გარდა მზრუნველობისა, ახლობელი ადამიანებისა და გარემოს დახმარებიათ, ბავშვი იძენს ახალ უნარებსა და ჩვევებს.


ახალი უნარების დასწავლა ხშირად საკმაოდ შრომატევადი პროცესია როგორც მეურვეებისა და თერაპევტებისთვის, ასევე თავად ბავშვისაც. მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებს აქვთ გენერალიზების პრობლემები-უჭირთ ერთ გარემოში დასწავლილი უნარების სხვა გარემოში გადატანა, ოჯახის წევრები მაქსიმალურად უნდა ეცადონ ხელი შეუწყონ ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და რაც მთავარია დრო, რომ გამოავლინოს უკვე შეძენილი უნარები. თუ ბავშვის ნაცვლად ყოველთვის სხვები განახორციელებენ იმ ქცევებს, რომლებიც მას უკვე დასწავლილი აქვს, მათი გამოვლენის მოტივაცია სულ უფრო მცირდება. მაგალითად თუკი ბავშვს უკვე შეუძლია სახლიდან გასვლამდე თავად შეიკრას ქურთუკი, თუმცა მზრუნველი ამის საშუალებას არასდროს აძლევს და თავად უკრავს ქურთუკს ალბათობა იმისა, რომ ბავშვს მოუნდება მის გარეშე ქურთუკის შეკვრა სულ უფრო მცირდება.


მეურვე/მზრუნველი მაქსიმალურად უნდა ეცადოს შეამციროს ბავშვის დახმარებაზე დამოკიდებულების ხარისხი, დროთა განმავლობაში ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს მისი დამოუკიდებლობის გაზრდას.


არანაკლებად მნიშვნელოვანია ბავშვისათვის პერსონალური სივრცის გამოყოფა. ხშირად მშობლები აყოვნებენ ბავშვის ცალკე ოთახში განთავსებას. თუ ოჯახს აქვს შესაძლებლობა, სასურველია რომ გარდატეხის ასაკისთვის ბავშვს უკვე ჰქონდეს პირადი სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს გაუჩნდეს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განცდა და ეგულებოდეს გარემო, რომელშიც თავად აკონტროლებს სიტუაციას.


მნიშვნელოვანია რომ ბავშვისთვის როგორც დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისას, ასევე, პირადი სივრცის მინიჭების დროს, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ბავშვის უნარები და გარემოს უსაფრთხოება.


მარიამ წირღვავა


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია