ბავშვის წუწუნის მიზეზები და მათზე რეაგირების ხერხები

როცა ბავშვი რაიმე მიზეზით წუწუნებს, შესაძლოა ამის მიზეზი რეალურად სულ სხვა იყოს და არა ის, რასაც ბავშვი თავად ასახელებს. ქვემოთ განხილულია მიზეზები,  და ის ხერხები, თუ რა ფორმით შეიძლება მოვახდინოთ რეაგირება ბავშვის წუწუნზე.


წუწუნის მიზეზი 1 -  დაღლილობა. დავიღალე... მეტი აღარ შემიძლია..

შესაძლო  მიზეზები:

Ø  ყურადღების მიქცევა, თუ მოზრდილი დაკავებულია ბავშვისგან განსხვავებით.

Ø  ცდილობს თავი აარიდოს მოსაწყენ დავალებას და დაუბრუნდეს მისთვის საინტერესო საქმიანობას.

Ø  ცდილობს გამოიწვიოს თანაგრძნობა მოზრდილში და მიიღოს დახმარება.

ბავშვის რეალური დაღლილობა მოითხოვს ყურადღებასა და მზრუნველობას. თუ ბავშვი ყოველ ჯერზე იწყებს წუწუნს დავალების (მითითების, ინსტრუქციის) მიცემისას - ეს უკვე მანიპულაციად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან ბავშვს არ აქვს სურვილი გამოტყდეს რომ დავალების შესრულება არ უნდა, ფიქრობს რომ დაღლილობაზე წუწუნი უფრო ნაკლებად საწყენია მოზრდილისათვის და მეტად გავს სიმართლეს.


როგორ მოვიქცეთ საპასუხოდ:

გაარკვიეთ რამ დაღალა ბავშვი და კონკრეტულად რა სახის დახმარებას ელოდება თქვენგან: თანაგრძნობას, მასთან ყოფნას თუ მის მარტო დატოვებას. შესთავაზეთ დროში შეზღუდული დასვენების პერიოდი: მოდი ახლა ვითამაშოთ ბურთი, ან დაიძინე ( თუ ხანგრძლივ დასვენებას ეხება) ან დავინიშნოთ დრო წამზომზე და გააკეთე ის რისი გაკეთებაც გინდა და მერე გავაგრძელებთ დაწყებულ საქმეს (დაწყებულ დავალებას). არ დაგავიწყდეთ მოგვიანებით გაარკვიოთ თავს როგორ გრძნობს ბავშვი, ამ გზით მიახვედრებთ რომ უყურადღებოდ არ ტოვებთ მის წუხილს და მასზე ზრუნავთ.


რას უნდა ავარიდოთ თავი:

„ნაკლები უნდა გერბინა/გეყვირა/ გეცელქა“. თუ ბავშვი თქვენით მანიპულირებს არ არის საჭირო იმის დემონსტრირება რომ თქვენ იცით მისი წუწუნის ნამდვილი მიზეზები: „ყოველთვის დაღლილი ხარ როდესაც დახმარებას გთხოვ“...ამას ჯობია შემდეგ ჯერზე სანამ რაიმეს სთხოვთ მას დაინტერესდით მისი მდგომარეობით (თუ როგორ გრძნობს ის თავს). მაშინ ბავშვს ნაკლები შანსი ექნება მანიპულირების და დაღლილობის მიზეზით თავის არიდების.

 

წუწუნის მიზეზი  2 - მოწყენილობა

შეკითხვაზე „რატომ ხარ მოწყენილი?“ ბავშვი პასუხობს რომ მოიწყინა. თუმცა ეს უსიტყვოდაც მისახვედრია, მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე.

 

შესაძლო მიზეზები:

Ø  ბავშვი მიჩვეულია რომ მას ართობენ, ამიტომ  დამოუკიდებლად უჭირს თავის გართობა.

Ø  სავარაუდოა რომ დიდხანს თამაშობდა მარტო და ახლა მას თქვენთან კომუნიკაცია სურს. თუმცა ის თავს არიდებს საქმეს მოწყვიტოს მშობლები და იცდის, სანამ თქვენ არ შეამჩნევთ მის მოწყენილ სახეს.


როგორ მოვიქცეთ საპასუხოდ...

შესთავაზეთ ბავშვს წინასწარ დაგეგმოს თავისუფალი დრო. ერთად გადაწყვიტეთ როდის ითამაშებს, როდის დახატავს, როდის უყურებს მულტფილმებს, როდის ისწავლის გაკვეთილებს: „მოდი ბაღის შემდეგ ცოტა ითამაშე, მერე ერთად წავიკითხოთ, შემდეგ კი შენ შეძლებ უყურო მულტფილმებს“. შეუნაცვლეთ ხოლმე ერთმანეთთან ბავშვის თავისუფალი დრო და თქვენთან ერთად დაგეგმილი აქტივობები.

თუ შეამჩნევთ რომ ბავშვი უსაქმოდაა და მოწყენილად გამოიყურება დაინტერესდით რის გაკეთებას აპირებს ან რის გაკეთება სურს. ხშირი წუწუნი მოწყენილობასთან დაკავშირებით - მიზეზია მშობლებისათვის, რომ დაფიქრდნენ ბავშვის დამატებით განმავითარებელ აქტივობებზე, იმისათვის რომ მოიძიონ რაიმე სპორტული ჯგუფი ან ხატვის გაკვეთილები.


რას უნდა ავარიდოთ თავი...

„აბა მოიფიქრე რაიმე გასართობი, ნახე რამდენი სათამაშო გაქვს“.  „ წაიკითხე (დაალაგე შენი ოთახი), თუ არ იცი რა გააკეთო“. არ არის სასურველი შესთავაზოთ ბავშვს „გაერთოს“ მისთვის უინტერესო საქმით. მსგავსი ალტერნატივით მოსალოდნელია რომ ბავშვმა მეტად მოიწყინოს.

 

წუწუნის მიზეზი 3 - წუწუნი სხვა ბავშვებზე...

„ ნიკო სათამაშოს მართმევს“, „ გიორგი მირტყამს“, და თუ ასე ხდება თანატოლებთან თამაშის შემდეგ. ყველა მის გარშემო ცელქობს ის კი ყველაზე „დამჯერია“.


შესაძლო  მიზეზები:

თუ მსგავსი ჩივილებით მოგმართავთ 3 წლის ბავშვი ეს ნორმალურია. თუ სხვებზე ჩივილით მოგმართავთ 5-6 წლის ბავშვი - ამან შესაძლოა მიგვანიშნოს რომ ბავშვს უჭირს თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა. თუ ბავშვი ყოველთვის ეძებს „დამნაშავეს“ და ეს „დამნაშავე“ ყოველთვის სხვაა, ამან შესაძლოა დაგვაფიქროს რომ ბავშვს უჭირს მისი და სხვა ბავშვების ქცევის ანალიზი.

შესაძლოა ვივარაუდოთ რომ ის ნაკლებად ეკონტაქტება თანატოლებს. ის შეეჩვია რომ მოზრდილები ( მშობლები, ბებია ბაბუები, უფროსი და-ძმები) მასთან ყოველთვის მიდიან დათმობაზე,  ის კი  ვერ ხვდება ბავშვები რატომ იქცევიან განსხვავებულად.


როგორ მოვახდინოთ რეაგირება:

ეცადეთ ბავშვი ხშირად იყოს თანატოლებთან ერთად. თუ ბავშვები იჩხუბებენ ან რაიმეს ვერ გაინაწილებენ, ეცადეთ ნაკლებად ჩაერიოთ. მიეცით ბავშვს საშუალება დამოუკიდებლად მოაგვაროს მისი პრობლემები. თუ ბავშვი მოგმართავთ ჩივილით სხვა ბავშვებზე ეცადეთ მას ლოგიკურად და გასაგებად აუხსნათ  ბავშვების ქმედებები. მაგ: „თათამ იმიტომ კი არ დაგარტყა, რომ ის ცუდია, არამედ იმიტომ რომ შენ მას სათამაშო გამოართვი“.


რას უნდა ავარიდოთ თავი...

„შენი ბრალია“, „შენ თვითონ ხარ დამნაშავე“. თქვენი მიზანია არა დამნაშავის ძებნა, არამედ ის რომ ბავშვს აუხსნათ რატომ იქცევიან დანარჩენები ისე, როგორც იქცევიან. უკეთ გაგების მიზნით შესაძლებელია გაითამაშოთ სიტუაცია თოჯინების დახმარებით. მაგ: ბავშვმა ითამაშოს საკუთარი თავის როლი, თქვენ კი იქნებით „ის“ სხვა ბავშვი. ასე  მარტივი იქნება კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ხერხების მოძებნა.

 

წუწუნის მიზეზი 4 - წუწუნი მოზრდილებზე...

ბებო ყოველთვის მაიძულებს ფაფის ჭამას, მერე კი მუცელი მტკივა. ბაღში მაძინებენ და იმიტომ არ მეძინება ღამით...

რეალური  მიზეზები:

მსგავს თემებზე წუწუნი თავს იჩენს მაშინ როდესაც ბავშვის აღზრდაში მონაწილე მოზრდილებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ აღმზრდელობით პროცესებთან მიმართებით. ბავშვისთვის რთულია მიხვდეს თუ  რატომ რთავს ნებას დედა არ დაიძინოს შუადღის ძილით, ხოლო აღმზრდელი „აიძულებს“, რატომ არის ნებადართული მშობლებთან ერთად ყოფნისას არ ჭამოს ფაფა, ხოლო ბებიასთან ყველაფერი პირიქითაა...


როგორ მოვიქცეთ საპასუხოდ...

ჩივილები გაქრება იმ შემთხვევაში, თუ მოზრდილები ერთ საერთო აზრამდე მივლენ აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით და გაიზიარებენ საერთო დღის რეჟიმს. თუ მოხდება ისე, რომ ბავშვისთვის ნაცნობი დღის განრიგი მისგან დამოუკიდებლად იცვლება, კარგად უნდა ავუხსნათ მას, რომ ზოგჯერ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო შესაძლოა შეიცვალოს დღის განრიგი...


რას ავარიდოთ თავი...

Ø  „ უთხარი ბებოს რომ მე გაძლევ უფლებას არ ჭამო ფაფა“- არაა საჭირო უფროსების მანიპულირება ბავშვის დახმარებით...

Ø   „ბებო ცდება“- მსგავსმა ნათქვამმა შესაძლოა ბავშვი განაწყოს მოზრდილების წინააღმდეგ.

Ø  ბავშვების თანდასწრებით არ გამოთქვათ უკმაყოფილება და პრეტენზიები სხვა მოზრდილების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ბავშვის აღზრდაში,  საერთო აღმზრდელობით მეთოდებზე მოილაპარაკეთ ერთმანეთთან მოზრდილების წრეში, ბავშვის გარეშე.


წუწუნის მიზეზი 5 - წუწუნი დროის უქონლობაზე...

ძილის წინ ხშირად თუ წუწუნებს ბავშვი რომ მან რაღაცის გაკეთება ვერ მოასწრო:“ მე ისევ ვერ მოვასწარი მულტფილმის ყურება“, „ისევ ვერ ვითამაშე კომპიუტერში ჩემს მეგობართან ერთად“, თუ თქვენ მას თხოვთ დახმარებას ის კი გეუბნებათ რომ ისევ ვერ მოასწრებს თამაშს, ვერ მოასწრებს დახატვას...


რეალური მიზეზები:

Ø  შესაძლოა თქვენ მართლაც ძალიან დატვირთეთ იგი და არ რჩება თავისუფალი დრო;

Ø  შესაძლოა  ბავშვს უჭირს დროის სწორად გადანაწილება, შესაძლოა დიდ დროს კარგავს ერთი კონკრეტული საქმის კეთებაში, სხვა დანარჩენი საქმიანობის საზიანოდ...


როგორ მოვიქცეთ საპასუხოდ...

ბავშვთან ერთად შეადგინეთ დაწვრილებითი დღის განრიგი, სადაც მითითებული იქნება როგორც სასწავლებელში ვიზიტის დროები, ასევე ის დრო, რომელიც უნდა დაუთმოს დედის დახმარებას და ასევე თავისუფალი დრო. სასურველია წინასწარ გააფრთხილოთ ბავშვი მოსალოდნელი აქტივობების შესახებ მაგ: მალე დაასრულე თამაში, ნახევარ საათში უნდა დავალაგოთ შენი ოთახი...  ამ შემთხვევაში ბავშვს ექნება დრო მოემზადოს შესასრულებელი საქმისათვის.


რას ავარიდოთ თავი...

Ø  „შენ ძალიან ნელა აკეთებ ყველაფერს“- ეს ხომ თქვენი მოვალეობაა ბავშვის დღე დაგეგმოთ ისე, როგორც მას (მის უნარებსა და შესაძლებლობებს) შეეფერება. თუ თქვენ იცით რომ მას ბევრი დრო სჭირდება ჩაცმისას (ხელ-პირის დაბანისას, საკვების მიღებისას) მაშინ ამ ქმედებების შესასრულებლად გამოყავით იმდენი დრო, რამდენიც მას სჭირდება.

Ø  არ დააჩქაროთ ბავშვი ფრაზებით „ჩქარა გააკეთე, გვაგვიანდება “- არ შეაჩვიოთ ბავშვი დროის უკმარისობით გამოწვეულ დისკომფორტს, თავი აარიდეთ რომ ბავშვმა შემაფერხებლად და დაგვიანებაში ბრალეულად იგრძნოს თავი.


წუწუნი 6 -  პრობლემები საბავშვო ბაღში...

მე ყველაზე უარესად ვხატავ,  ისევ არაფერი არ გამომდის...


რეალური მიზეზები:

ბავშვს სურს გაგიზიაროთ თავისი პრობლემები, მას სჭირდება მსმენელი თქვენი სახით. თუ ბავშვი მუდმივად წუწუნებს ერთიდაიგივე მიზეზით (მაგ: ცუდად ვხატავ) შესაძლოა ვივარაუდოთ რომ ასეთი ფორმით ის ცდილობს დაგანახოთ მისი პრიორიტეტები.


როგორ მოვიქცეთ საპასუხოდ...

ყურადღებით მოისმინეთ ბავშვის საწუხარი. რაც თქვენ მოგეთხოვებათ ეს არის მის მიმართ გამოიჩინოთ ყურადღება და გამამხნევებელი ფრაზები. როდესაც ბავშვი გაგიზიარებთ თავის წუხილს, შეაჯამეთ მონათხრობი. „მე მჯერა შენ ყველაფერს გაუმკლავდები, შენ ხომ ასეთი ყოჩაღი ხარ/ ასეთი მონდომებული ხარ“.

ნუ ეცდებით სიტუაციის ანალიზს. თქვენი ამოცანაა დაუბრუნოთ ბავშვს თავდაჯერებულობა ოპტიმისტური განწყობა.

აუცილებლად დაინტერესდით, თქვენ რით შეგიძლიათ მისი დახმარება, ასევე შესაძლებელია შესთავაზოთ პრობლემის მოგვარების რამდენიმე თქვენეული მოსაზრება: „მოდი მე ვცდი დაგეხმარო  უკეთ დახატვაში“, „გინდა მუსიკალურ წრეზე ჩაეწერო?“


რას ავარიდოთ თავი...

არ სცადოთ ბავშვის დამშვიდება ფრაზებით: „განა ეს პრობლემაა?! აი მე მაგალითად დღეს...“ ამ დროს ბავშვი ეძებს მხარდაჭერას თქვენთან და ის არ არის მზად თქვენი პრობლემების მოსასმენად, მითუმეტეს რომ მისთვის მისი პრობლემები უფრო აქტუალურია, ვიდრე თქვენი.


წუწუნის მიზეზი 7 - წუწუნი ცხოვრებაზე...

შეკითხვაზე „როგორ ხარ?“ ბავშვს ყოველთვის ერთი პასუხი აქვს : „ცუდად (ისე რაა, არამიშავს)“. საერთო ჯამში რთული დღე იყო, ცხოვრება რთულია. თანატოლებთან ურთიერთობაში ხშირად იყენებს ფრაზას „ძალიან გიმართლებს“, ხოლო მეგობრების შესახებ საუბარი იწყება ფრაზით: „როგორ გაუმართლა ნიკას, მას დიდი ველოსიპედი აქვს (ძაღლი ყავს, კომპიუტერი აქვს, ტელეფონი აქვს)“.


წუწუნის მიზეზები...

ბავშვს არ შეუძლია უხაროდეს ის, რაც მას აქვს და შურს გარშემომყოფების.  სანამ დაადანაშაულებთ მას ცხოვრებისადმი პესიმისტურ განწყობებში, ყურადღებით გააანალიზეთ უფროსების საუბარი სახლის გარემოში. სავარაუდოდ ბავშვი ხშირად ისმენს მოზრდილებისგან მათი პრობლემების შესახებ რომლებიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია და აღიქვამს თავის ცხოვრებას როგორც ერთ დიდ „უიღბლობას“. ამასთან, გარშემომყოფებისგან მსგავსი არაფერი ესმის  და ამიტომაც ჰგონია რომ მათ გაცილებით მარტივი ცხოვრება აქვთ.


როგორ მოვიქცეთ საპასუხოდ...

თქვენი ამოცანაა გახდეთ ბავშვისათვის პოზიტივისა და ოპტიმიზმის  მაგალითი.  ნაკლებად განიხილეთ პრობლემები სახლში ბავშვის თანდასწრებით, ყურადღება გაამახვილეთ პოზიტიურ მოვლენებზე. ასწავლეთ ბავშვს იმით სიხარული და იმის დაფასება, რაც ახლა და ამჟამად აქვს.  შესაძლოა მოიფიქროთ ისეთი „ტრადიცია“ როგორიცაა სიხარულის გაზიარება: მაგალითად სადილისას ან ვახშამზე შესაძლოა ოჯახის ერთმა წევრმა გააზიაროს დღის განმავლობაში მომხდარი სასიამოვნო მოვლენა. როდესაც ბავშვის ჯერი დადგება, დაეხმარეთ მას შეკითხვების დახმარებით, გამოყოს პოზიტიური მომენტები. ამ გზით დიდია ალბათობა, რომ პოზიტივზე ორიენტირება გამოუმუშავდეს ჩვევად.


რას ავარიდოთ თავი...

„შენთვის ყოველთვის ყველაფერი ცუდადაა..“, „ყოველთვის უკმაყოფილო ხარ...“, ასეთი „მხარდაჭერა“ მხოლოდ გააუარესებს ბავშვის მდგომარეობას.

იყავით მხარდამჭერები და მოუსმინეთ ბავშვებს 😊

 

ავტორი: ანა ნინუა


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია