ფიზიკური აქტივობის როლი ბავშვთა და მოზარდთა განვითარების პროცესში

ალბათ გსმენიათ, რომ სპორტით, ვარჯიშით და ზოგადად ფიზიკური აქტივობით დაკავება, ფიზიოლოგიურთან ერთად, ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზეც დადებითად აისახება. 


ვარჯიში თერაპიაა - ბევრისთვის ეს სიტყვები შეიძლება სტერეოტიპადაც კი არის ქცეული, თუმცა ხშირად სტერეოტიპები თავის თავს ამართლებენ. მრავალი კვლევა არსებობს, იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენა აქვს სპეციალურად სტრუქტურირებულ სავარჯიშო პროგრამებს ფიზიკურ და კოგნიტურ შედეგებზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში.


შედეგი თითქმის ყველგან ერთნაირია - კონსტრუქციულ ფიზიკურ აქტივობათა პროგრამას დადებითი ეფექტი აქვს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებზე, ამცირებს ბულიმიის რისკებს, ასევე აუმჯობესებს რეაგირების სისწრაფესა და ექსპრესიულობის სიხშირეს. 


ამერიკული სკოლების IV და V კლასელ ბავშვებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვები რომლებიც დაკავებულნი არიან სპეციალურად სტრუქტურირებული ვარჯიშებითა და ფიზიკური აქტივობებით, გაცილებით დიდ პროგრესს აღწევენ ფიზიკური თუ კოგნიტური უნარების თვალსაზრისით, კვლევის დასრულების შემდეგ, ვიდრე ბავშვები, რომლებიც მხოლოდ კლასიკურ “სპორტის” გაკვეთილს ესწრებიან სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნიათ ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ბავშვები საკმარის ფიზიკურ აქტივობას მაინც ვერ ასრულებენ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ფიზიკური განათლების სპეციალისტი ზომიერ და ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას გაკვეთილის მხოლოდ 10%-ს (3 წუთს) უთმობს. სამწუხაროდ არ არსებობს კვლევები თუ რა სიტუაციაა ქართულ სკოლებში ამჟამად, თუმცა ალბათ ბავშვობიდან ყველას გვახსოვს რომ სპორტის გაკვეთილი წარმოადგენდა დასვენებისა და გართობის საშუალებას სადაც კონსტრუქციულ ფიზიკურ აქტივობას ყველაზე ნაკლები დრო ეთმობოდა. 


განათლების სისტემის შეცვლა უფრო გრძელვადიანი მიზანია თუმცა, ხელს არაფერი გვიშლის იმაში რომ ბავშვებზე/მოზარდებზე გათვლილი ამა თუ იმ ფიზიკური აქტვობისთვის საჭირო გარემო სკოლის გარეთ მოვიძიოთ ან თუნდაც, ჩვენით შევქმნათ. 



ავტორი: გიგა მახარაშვილი


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია