პოზიტიური აღზრდის სტრატეგიები
იყავით თანმიმდევრულები
ეცადეთ ბავშვმა არ დაარღვიოს დღის რეჟიმი და დაწესებული აკრძალვები, მაგალითად: თუ დასვენების დღეს ბავშვს ნება დართეთ რომ კომპიუტერთან მჯდარიყო 30 წუთის ნაცვლად 2 საათი, იმის მიუხედავად, რომ ეს მისთვის აკრძალულია, დიდი აღმზრდელობითი შეცდომაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვთან კომუნიკაციის ძირითადი პრინციპი არის თანმიმდევრულობა. მაგალითისთვის, შეუძლებელი იქნებოდა საგზაო მოძრაობის წესების დასწავლა, თუ დღეს „სდექ“ იქნება წითელი ფერის, ხვალ კი მწვანე. იმისათვის რომ ბავშვს დადგენილი წესების დარღვევის ნაკლები ცდუნება ჰქონდეს, მას კარგად უნდა ავუხსნათ წესების მნიშვნელობა.
არ მიაყენოთ შეურაცყოფა
ბავშვების ფსიქიკა ძალიან მყიფე და სათუთია. საწყენმა ფრაზებმა, რომელიც შესაძლოა გაუაზრებლად იყოს ნათქვამი, შესაძლოა ბავშვს მიაყენოს სულიერი ტრავმა. დამალული წყენა ნეგატიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ბავშვის როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაზე, ასე რომ თუ უნებლიედ აწყენინეთ, იჩქარეთ თქვენი შეცდომების გამოსწორება, თქვენ განსაზღვრავთ თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ბავშვს თქვენს მიმართ, შიში თუ პატივისცემა...
მუქარისა და დაშინებების გარეშე ...
არსებობს სულ ცოტა 2 მიზეზი, რომ გვერდი ავუაროთ მუქარას: მიზეზი 1. თქვენ გინდათ იყოთ ბავშვისათვის ავტორიტეტი, რომელსაც ნდობის გამო უჯერებენ თუ მონსტრი რომლისგანაც შორს იჭერენ თავს?! მიზეზი 2. დაშინება- ცუდი დამხმარეა იმისათვის, ვისაც უნდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი აღზარდოს.
შიში ბლოკავს სიმამაცეს, რომლის გარეშეც შეუძლებელია გახდე ლიდერი და რთულია გადადგა პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები, სპორტში მეგობრობაში. მიაწოდეთ ბავშვს რეალური ცხოვრებისეული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მაგ:“არ შეიძლება გაყინულ მდინარეზე გავლა“, მაგრამ თავი აარიდეთ ამ ტიპის დაშინებებს „ამის გამო მე შენ არ მეყვარები“...
ნუ მოითხოვთ ბავშვებისგან დაპირებებს
ბავშვები ვერ იგებენ რა არის დაპირება, რადგანაც მათ სუსტად აქვთ ჩამოყალიბებული მომავლის გაგების უნარი. ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ამიტომაც უჭირთ იმის გათვალისწინება, რომ არასოდეს მიმოფანტონ სათამაშოები ან არ იხტუნონ წვიმის შემდეგ გუბეებში, როცა ეს ასეთი სახალისოა. დაპირება როგორც წესი მალევე დაირღვევა, ამას კი როგორც წესი მოყვება ხოლმე მოზრდილის მხრიდან საყვედურები, რაც ბავშვის გონებაში კიდევ ერთ წარუმატებელ შემთხვევას აღბეჭდავს. ბავშვის მიერ სასურველი ქცევის შესრულების ნიმუში შესაძლოა იყოს მშობლის საქციელი მაგ: საკუთარი ნივთების მილაგება და ბავშვის ჩართვა პროცესში და წახალისება სასურველი ქცევისათვის ოჯახურ წრეში.
არ წაახალისოთ სიზარმაცე
ზემზრუნველობის შედეგად ბავშვები იზრდებიან განებივრებულები და პრეტენზიულები, რაც არ არის სასურველი, ამიტომ დაეხმარეთ ბავშვებს გამოიმუშავონ დამოუკიდებლობის უნარები, ადრეული ასაკიდანვე. წლინახევრის ბავშვი უკვე უნდა ფლობდეს ელემენტარულ თითმოვლის უნარებს. არ არის სასურველი ბავშვის ნაცვლად რაიმეს გაკეთება და თავის მართლება იმით, რომ დახმარებისას დროს იგებთ, რადგან უფრო სწრაფად აკეთებთ ვიდრე ბავშვი. თუ სასეირნოდ გასასვლელად ემზადებით, ჯობია დიდი დრო დახარჯოთ მომზადებაში და ბავშვმა დამოუკიდებლად შეიკრას თასმები, ვიდრე დროის მოგების მიზნით თქვენ გაუწიოთ „დათვური“ სამსახური..
ნუ გაქვთ წამიერად მორჩილების მოლოდინი....
როგორც წესი დედები ბრაზობენ როდესაც ბავშვს ეძახიან საჭმელად ის კი აგვიანებს ან არ მოდის, რადგან ხატავს ან რაიმე თამაშითაა გართული. გაგებით უნდა მოვეკიდოთ ფაქტს, რომ ბავშვი მისთვის სასიამოვნო აქტივობითაა დაკავებული და უჭირს შეწყვიტოს და გადაერთოს თქვენი დაძახებისას საპასუხო ქმედებაზე. წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას: დიდი ალბათობით თქვენც იგივეს გააკეთებდით, რაღაც პერიოდის განმავლობაში გააგრძელებდით იმ საქმეს, რითიც დაკავებული ხართ, ამიტომაც, სანამ ბავშვს დაუძახებთ თქვენთან მოსასვლელად, ან რაიმე დავალების შესასრულებლად, სასურველია წინასწარ გააფრთხილოთ რომ რამდენიმე წუთის შემდეგ მოუწევს თქვენთან მოსვლა. ეს იქნება მოსამზადებელი დრო იმისათვის, რომ ბავშვმა შეწყვიტოს აქტივობა და მოემზადოს თქვენთან მოსასვლელად.
ნუ წახვალთ დათმობაზე მოთხოვნებისას (წუწუნის, კაპრიზების დროს)...
ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვის სურვილებს: გაარჩიეთ ერთმანეთისგან საჭირო სურვილები და კაპრიზები. თუ ბავშვის ყველა „მინდას“ აყვებით და ეცდებით მისი ყველა სურვილისა და მოთხოვნის ასრულებას, ოღონდაც შეწყვიტოს ტირილი, ბავშვი ეჩვევა რომ მისთვის ყველაფერს აკეთებენ, ასევე ეჩვევა იმასაც რომ როცა რაიმე უნდა, ყველაფერს იღებს. ასეთი ადამიანებისთვის კი რეალური ცხოვრება სიურპრიზებით და სირთულეებით იქნება სავსე, ცხოვრებაში ხომ რაიმეს მისაღებად დიდი ძალისხმევაა საჭირო.
არ გააკრიტიკოთ ბავშვის თითოეული ნაბიჯი...
ზოგიერთ მშობელს ახასიათებს ბავშვთან კომუნიკაციის ისეთი ფორმა, რომელიც მოიცავს საყვედურებსა და შენიშვნებს, რაც ხშირად ვლინდება ბავშვთან მიმართებით, თვითონ მშობელი კი ამას ვერ ამჩნევს. მათი მოსაზრებით ბავშვი ვერ აკეთებს იდეალურად ყველაფერს: ძალიან ხმაურიანია, ძალიან სწრაფია, ძალიან მოუხერხებელია, მოკლედ ისე არ იქცევა როგორც ამ კონკრეტულ სიტუაციაში მოზრდილი მოიქცეოდა. თუ ბავშვი მუდმივად მსგავს სიტუაციაში იმყოფება, მალე მისი გონება ადაპტირდება მუდმივ შენიშვნებთან და აკრძალვებთან და ის შეწყვეტს ამ ყველაფრის აღქმას. ასეთი ბავშვები ნაკლებად ემორჩილებიან სხვა აღზრდის მეთოდებს და განეკუთვნებიან „რთული ქცევის“ ბავშვების რიცხვს. ბავშვი უნდა იზრდებოდეს კეთილგანწყობილ გარემოში.
ნება დართეთ ბავშვს იყოს ბავშვი...
სანიმუშო ბავშვები არ არიან „ბედნიერები“, ისინი თავს არ აძლევენ ცელქობის, აქტიური თამაშების უფლებას.
ბავშვი ეს არის ბავშვი, იმის მიუხედავად თუ როგორ აღიქვამთ მას და აღზრდის რა მეთოდს მიმართავთ. მაინც ვერ მიიღებთ მისგან სრულ მორჩილებასა და დამჯერობას. ბავშვების მომხიბვლელობაც ხომ ისაა, რომ ისინი თავს იმის უფლებას აძლევენ რისი გაკეთებაც უფროსებს არ შეუძლიათ. იქონიეთ ბავშვებთან კეთილი დამოკიდებულება, მოეკიდეთ მათ გაგებით, ჩაერთეთ მათ თამაშებში და ისწავლეთ მათგან გაღიმება და მცირედით გახარება.
ავტორი: ანა ნინუა
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია