ოჯახის როლი  ბავშვის ქცევის ფორმირებაში 

როდესაც ბავშვი ქცევითი თერაპიის მომსახურებას იღებს და მიმდინარეობს ქცევაზე მუშაობა, ოჯახის და თერაპევტის მიდგომა კონკრეტული ქცევის მიმართ თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან.


იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახის წევრებთან ატარებს, ქცევების უმეტესობაც სწორედ მათთან ვლინდება. შესაბამისად, ოჯახის წევრების სწორ ჩართულობას ენიჭება დიდი როლი ქცევის ფორმირებაში. თუ ქცევაზე მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ თერაპევტის ჩართულობით, ხოლო ყველა სხვა გარემოში (ოჯახი, სკოლა, ბაღი) ამ ქცევებს უბრალოდ თავს არიდებენ სხვადასხვა გზით, მაშინ ქცევის ფორმირებას უფრო დიდი დრო დასჭირდება და ზოგჯერ შეიძლება ისეთი შედეგი არ დადგეს, როგორსაც ველით.


მაგ: "ბავშვი იატაკზე წვება და ყვირის, როდესაც სათამაშო უნდა." ეს სასურველის მოთხოვნის არასწორი ფორმაა. ასეთ მოთხოვნას თერაპევტი შეეცდება ალტერნატიული მოთხოვნის ფორმა დაასწავლოს ბავშვს, მაგ: სიტყვით ან ბარათით მოთხოვნა  და ყვირილზე არ მისცემს სასურველს. თუ ოჯახის წევრებიც ასეთ მიდგომას გამოიყენებენ, მაშინ ქცევა მშვიდი მოთხოვნის ფორმით ჩანაცვლდება, თანაც ძალიან მოკლე დროში. მაგრამ თუ ოჯახი ან ოჯახის რომელიმე წევრი ბავშვს იატაკზე წოლის და ყვირილის გამო მისცემს სათამაშოს, რადგან უბრალოდ გააჩუმოს და უხერხულ სიტუაციას აარიდოს თავი, ამ შემთხვევაში ბავშვის ქცევა არ შეიცვლება, რადგან მან წოლით და ყვირილით მიიღო ის, რისი მიღებაც სურდა. ამის გამო იგივე ქცევის გამოვლენის სიხშირე და ხანგძლივობა იზრდება.


სხვადასხვა ქცევა განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. თუ თქვენ არ იცით კონკრეტულ ქცევაზე როგორ იმუშაოთ, ან ამჩნევთ, რომ თქვენს ჩარევას შედეგი არ მოაქვს, უნდა მიმართოთ ქცევით თერაპევტს. თუ თქვენი ბავშვი უკვე იღებს მსგავს მომსახურებას, უნდა იცოდეთ,  რომ ძალიან მნიშვნელოვანია  თერაპევტის უკუკავშირი მშობელთან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც თერაპევტი გასცემს. თუ თეორიული რეკომენდაციები, თუ როგორ გაუმკლავდეთ კონკრეტულ ქცევას, თქვენთვის გაუგებარია, სთხოვეთ თერაპევტს დაგასწროთ და ჩაგრთოთ უშუალოდ ქცევაზე მუშაობის პროცესში.  ამ გზით თქვენ დაინახავთ და უფრო მეტს გაიგებთ იმ მიდგომის შესახებ, რომელიც თქვენც უნდა განახორციელოთ ქცევის გამოვლენისას. შემდგომში, როდესაც უკვე გეცოდინებათ, თუ  როგორ გაუმკლავდეთ ბავშვის არასასურველ ქცევას, ეს ცოდნა გაუზიარეთ ოჯახის წევრებს, რადგან ერთობლივი და თანადროული მუშაობით ქცევა უფრო სწრაფად ფორმირდება, რაც ბავშვის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს.







ავტორი: დავით ზაუტაშვილი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი 


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია