როგორ განვავითაროთ კითხვის ინტერესი ბავშვებში?
რა არის საჭირო იმისათვის რომ ბავშვმა იკითხოს სიამოვნებით?
როგორ განვავითაროთ კითხვის სურვილი?
7 რჩევა მოზრდილებისათვის
ამ ტიპის შეკითხვები ადრე თუ გვიან უჩნდება ყველა მშობელს. ჩვენ მოზრდილებმა ვიცით როგორი მნიშვნელობანი წინაპირობაა კითხვა შემდგომში ბავშვის განათლებისათვის.
იმისათვის რომ ბავშვი დაინტერესდეს კითხვით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ რიგ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომლებიც შესაძლოა ვინმეს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, თუმცა სწორედ ასეთი წვრილმანი და უმნიშვნელოდ მიჩნეული ფაქტორები ზემოქმედებენ ბავშვზე.
უნდა გავიაზროთ, რომ ბავშვი არ არის სათამაშო რომელსაც კონკრეტული პროგრამით ვამუშავებთ. ბავშვი პიროვნებაა თავისი ხასიათის თავისებურებებით, ინტერესებითა და სურვილებით, რომელიც ვითარდება თავისი საკუთარი სქემით.
ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე საპასუხოდ შესაძლოა თავი მოვუყაროთ რამდენიმე რჩევას უფროსებისათვის:
1. იკითხეთ თქვენ
ბავშვს ავითარებს არა ჩვენი სიტყვები, არამედ ქმედებები და გარემო. თუ მამა დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, ხოლო დედა მთელ თავისუფალ დროს ატარებს ტელეფონთან, ნაკლებად უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი რომ ბავშვი ძალიან დაინტერესდება წიგნებით. თუმცა იმ ოჯახში სადაც მშობლები კითხულობენ და მსჯელობენ წიგნებზე, დიდია ალბათობა, რომ გაიზარდოს კარგი მკითხველი. თუ გსურთ რომ ბავშვში გააღვიძოთ კითხვის სურვილი იკითხეთ თვითონ, უკითხეთ ბავშვს, მოუყევით წაკითხულის შესახებ და ერთად იმსჯელეთ წიგნის სიუჟეტზე.
2. ისწავლეთ თამაშით
მოზრდილებს არასოდეს მოსწონთ ის, რისი გაკეთებაც ძნელად გამოსდით, ასევე არიან ბავშვებიც. ასწავლეთ ბავშვებს კითხვა ისე, რომ ეს იყოს მარტივი და საინტერესო, ასწავლეთ თამაშით. მხოლოდ თამაშით სწავლა ხდება სასიამოვნო ბავშვისთვის ზეწოლის, სტრესისა და ნეგატივის გარეშე. სწორედ თამაშისას მიიღწევა დიდი შედეგები მცირედი ძალისხმევით.
3. იკითხეთ ინტერესებიდან გამომდინარე
პირველ ადგილზეა ბავშვის ინტერესები და არა ის, რაც ჩვენ გვინდა ან გვჭირდება. იკითხეთ ის წიგნები, რომლებიც მოსწონს ბავშვს, რომლებიც აინტერესებს მას. იკითხეთ წიგნები ასაკის შესაბამისად. თუ მაინც საჭიროა ისეთი რამის წაკითხვა, რაც ბავშვს არ აინტერესებს, მაშინ დაეხმარეთ მას წაკითხვაში და გაგებაში, წაიკითხეთ ეს მოთხრობა, ზღაპარი თუ წიგნი ერთად.
4. წიგნის ვიზუალური მხარე
გაამახვილეთ ყურადღება წიგნში ილუსტრაციასა და გაფორმებაზე. ბავშვების ყურადღებას მარტივად იპყრობს ლამაზი ილუსტრაცია, ხარისხიანი ფურცლები და მკაფიო შრიფტი. კარგია თუ გვერდზე მოთავსებული იქნება დიდი ილუსტრაცია (ნახატი) და მცირე ტექსტი, რადგანაც დიდი რაოდენობის ტექსტმა შესაძლოა დაღალოს ბავშვი და გაუჭირდეს წაკითხულის გაგება და გააზრება.
5. დაუსრულებელი ისტორია
აარჩიეთ საინტერესო წიგნი და დაიწყეთ კითხვა. მიუახლოვდით ყველაზე საინტერესო ნაწილს, სადაც გარკვეულ ინტრიგას აწყდებით, სადაც გარდამტეხი მოვლენები ხდება და მოულოდნელად გაიხსენეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდათ და შეწყვიტეთ კითხვა. დატოვეთ წიგნი სანიშნით და ურჩიეთ ბავშვს მოიცადოს ხვალამდე ან სცადოს დამოუკიდებლად კითხვის გაგრძელება.
6. უკითხეთ ბავშვს...
უკითხეთ ბავშვს იმ შემთხვევაშიც კი თუ მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად კითხვა. რადგან თქვენ უფრო გამართულად წაიკითხავთ ტექსტს და ამით გააკეთებთ სწორად და გამართულად კითხვის მოდელირებას. ამით ასევე დაეხმარებით ტექსტის შინაარსის კარგად გაგებასა და გააზრებაში. ბავშვთან ერთად კითხვისას გაიგებთ მის ინტერესებს, მის აზრებსა და სურვილებს, ბავშვი კი იგრძნობს თქვენგან მხარდაჭერას და ინტერესს, რაც შემდგომში კომუნიკაციაში დაგეხმარებათ. ერთად კითხვა ასევე დაგეხმარებათ ყურადღების განვითარებაში, რადგანაც მოზრდილს ყოველთვის შეუძლია დასვას დამაზუსტებელი შეკითხვები, რომლებზეც ბავშვმა უნდა გასცეს პასუხი.
7. ვავითარებთ ინტერესს გამარჯვებულის პოზიციიდან ...
დაუსვით ბავშვს პრობლემური შეკითხვები, გამოიწვიეთ კამათში და უბიძგეთ რომ არგუმენტები მოიყვანოს წიგნზე დაყრდნობით იმის გასარკვევად, თუ ვისი მოსაზრებაა მართებული. რათქმაუნდა ბავშვი მოისურვებს რომ დაამტკიცოს თავისი პოზიცია და აუცილებლად დაიწყებს მტკიცებულებების მოძიებას.
თავდაპირველად სასურველია, რომ შეკითხვა ისე იყოს დასმული, რომ ბავშვის მოსაზრება იყოს მართებული. ეს დაეხმარება წარმატებულობის განცდის ჩამოყალიბებაში და სიამოვნებას მოჰგვრის მტკიცებულებების მოძიება. რაც დაარწმუნებს ბავშვს, რომ ტყუილად არ წაუკითხავს და მის მოძიებულ ინფორმაციას აქვს ღირებულება.
ავტორი: ანა ნინუა
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია