თვითშეფასება

თქვენი პატარას თვითშეფასება გაფიქრებთ ?

მშობლებისა და გარშემომყოფების როლი, მათი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების თავდაჯერებულობის განვითარებისათვის, რაც მათ დაეხმარებათ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში.

ქვემოთ მითითებულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება ხელს შეუწყობს პატარებთან ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.


დაუთმეთ ყურადღება

დღის განრიგში გამოყავით გარკვეული დრო მხოლოდ მისთვის, ისე რომ თქვენი ყურადღება არ იყოს მიპყრობილი სხვა საქმეებისა თუ ადამიანებისაკენ. გაისეირნეთ ერთად ან დაძინებამდე ესაუბრეთ/ეთამაშეთ. ეს ძალზე დიდ გავლენას მოახდენს თქვენი შვილის თვითშეფასებაზე, რადგან ამ ქმედებით აგრძნობინებთ რომ ის მნიშვნელოვანია.

როდესაც ბავშვი ეცდება თქვენთან საუბარს, შეწყვიტეთ საქმიანობა მცირე ხნით (როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ) და უპასუხეთ მის შეკითხვას. მნიშვნელოვანია ამ დროს დაამყაროთ თვალით კონტაქტი, რითაც მიანიშნებთ რომ ნამდვილად უსმენთ.


მიეცით არჩევანის შესაძლებლობა სხვადასხვა ასაკში განსხვავებული რაოდენობის არჩევანი შეგვიძლია წარვუდგინოთ. ორი წლის ასაკის ბავშვისთვის კარგი იქნება თუ ორ შესაძლებელ შემთხვევას მივაწვდით, მაგ: ჰკითხეთ მას წითელი პერანგის ჩაცმა უნდა თუ ყვითელის, საუზმეზე შვრიის ფაფა ურჩევნია თუ წიწიბურის. 3-4 წლის ბავშვს შეუძლია მეტ არჩევანს გაუმკლავდეს და ის ფაქტი, რომ ენდობით მის არჩევანს, გააძლიერებს ბავშვის თვითშეფასებას.

ნება მიეცით დაუშვას შეცდომები

თუ ბავშვი თეფშს მაგიდის კიდესთან ახლოს დადებს და თეფში გადავარდება, ნუ განსჯით, ამის ნაცვლად მშვიდად მიუთითეთ როგორ მოიქცეს შემდეგში. დაეხმარეთ რომ შეცდომის დაშვების შემდეგ თავი ცუდად არ იგრძნოს.

იგივე მოიმოქმედეთ საკუთრი შეცდომის დაშვების დროსაც, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და განაგრძეთ საქმიანობა. ეს ბავშვს აფიქრებინებს რომ ყველაფერი რიგზეა თუ ზოგჯერ რაიმე არ გამოგვივა.


ეცადეთ მიიღოთ ბავშვის ემოციები

როდესაც თქვენი პატარა აპროტესტებს რამეს, მაგალითად სათამაშო მოედნის დატოვებას, მაქსიმალურად ეცადეთ ეს მისი გადმოსახედიდან დაინახოთ. ბავშვისთვის პარკის დატოვება შესაძლოა სამყაროს დასასრულთან ასოცირდებოდეს.

ასეთ დროს შეგიძლიათ უთხრათ: „ მესმის რომ კიდევ გინდა თამაში და ამის გამო მოიწყინე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ხვალ კიდევ მოვიდეთ პარკში.“ ამგვარი გამოხატულებით ის გრძნობს რომ თქვენ აფასებთ მის გრძნობებს.


ნუ შეადარებთ თანატოლებს

ეცადეთ მოერიდოთ შემდეგი სახის კომენტარებს: „რატომ არ შეგიძლია დათასავით კარგი იყო?“, „ნატა შენზე სწარაფად სწავლობს ცეკვას.“ ამგავრი შენიშვნები თქვენს პატარას თავს ცუდად აგრძნობინებს. ამის ნაცვლად შეგიძლია აღნიშნოთ ის უნიკალური, ინდივიდუალური თვისებები, რაც ბავშვს ახასიათებს.


იყავით მოდელი თქვენი თვითშეფასებით

ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გამოხატოთ სიამაყე საკუთარი თავის, თქვენი ძალისხმევის მიმართ და თავი აარიდოთ უარყოფით შეფასებებს („სულელი ვარ“/“სუსტი ვარ“ და ა.შ.) შეცდომის დაშვების დროს.

ხშირად გაამხნევეთ

ყველა ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა, ხშირად უთხარით თქვენს პატარს: „მე მჯერა რომ გამოგივა“, „ვხედავ როგორ ცდილობ, ასე განაგრძე.“ წახალისება ნიშნავს არა მხოლოდ მიღწევების აღიარებას, არამედ პროგრესის შემჩნევას. ასე რომ თუ თქვენს შვილს უჭირს ელვა შესაკრავის შეკვრა უთხარით: „კარგად ცდილობ, თითქმის გამოგდის.“ მსგავსი ნათქვამი მას თავს კარგად აგრძნობინებს, მიუხედავად იმისა ექნება თუ არა ბოლომდე დასწავლილი კონკრეტული ქცევა/უნარი.



ავტორი

ხატია ხომერიკი


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია