თუ თვლით, რომ თქვენი შვილი არასაკმარისად დამოუკიდებელია…
დამოუკიდებლობა ნიშნავს მეტ ორგანიზებულობას, ავტონომიურობას, თავდაჯერებულობას, გამბედაობას, იდეებს და შემდეგ ამ იდეების განხორციელების სურვილს. იმისათვის რომ პიროვნება დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს, მრავალი უნარია საჭირო, რომელიც ბავშვობის პირველივე თვეებიდან იწყება და რომლის შეძენაში მას მშობლები თუ სხვა ახლო გარემოცვის წევრები ეხმარებიან.
განვითარების შეფერხების მქონე პიროვნებაში ამ უნარების შეძენა შედარებით ნელა მიმდინარეობს და მოზარდობის პირველ პერიოდში იმ ნიშნულს აღწევს, როდესაც ბევრი მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარი გააჩნია. სწორედ ამ პერიოდში დამოუკიდებლობის უნარების განვითარება სხვა საფეხურზე გადადის და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. თქვენმა შვილმა უკვე იცის როგორ აანთოს შუქი სამზარეულოში, იცის როგორ მოუშვას ონკანი, როგორ შეაერთოს მადუღარა, სად დევს ჭიქა, კოვზი, შაქარი და ჩაის ფერი. შეუძლია თუ არა თქვენს შვილს ჩაის გაკეთება დამოუკიდებლად? რა თქმა უნდა პასუხი იქნება: - კი, შეუძლია. მეორე კითხვა: - ბოლოს როდის გაიკეთა თქვენმა შვილმა ჩაი? ხშირად, განვითარების შეფერხების მქონე მოზარდებს არ ეძლევათ
დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების გამოვლენის რეალური სიტუაციები, რადგან ამის საშუალებას არ ვაძლევთ. ჩაის მაგალითი მხოლოდ ერთია იმ ათასი მაგალითიდან რომლის მოყვანაც შეიძლება. იგივე მაგალითის მოყვანა შეიძლება ეზოში გასვლაზე, გზაზე გადასვლაზე, სკოლაში, მაღაზიაში წასვლაზე და აშ... მშობელმა უნდა შეაფასოს შვილის შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების შეფასების შემდგომ მას დამოუკიდებლობის საშუალება მისცეს. თუ თქვენმა შვილმა იცის როგორ მივიდეს მაღაზიამდე, როგორ აარჩიოს პროდუქტი, როგორ გადაიხადოს თანხა და თქვენ მას არასდროს უშვებთ მაღაზიაში მარტოს, მაშინ მას არ აძლევთ უფლებას იყოს დამოუკიდებელი. ის შეცდომები, რომლებიც ამ
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ახლავს თან და რომლებიც ჩვენ ყველას გვაშინებს: ჩაის დაქცევა, მაღაზიაში ფულის დაკარგვა, ეზოში წაქცევა და აშ... საჭიროა იმისთვის, რომ პიროვნება გახდეს მეტად ორგანიზებული, თავდაჯერებული, ავტონომიური, გამბედავი და სხვა... გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:
* შეაფასეთ შვილის უნარები და შეუქმენით სიტუაციები, რომელიც მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას მისცემს.
* თავდაპირველად იყავით მის გვერდით და დაეხმარეთ პრობლემურ სიტუაციებში მხოლოდ რჩევის მიცემით. (გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა)
* მიეცით უფლება დაუშვას შეცდომა და დრო ამ შეცდომის გამოსასწორებლად.
* დაანახეთ პრობლემურ სიტუაციაში („ჩაით სავსე ჭიქა დაეღვარა“) რომ ეს ნორმალურია და ყველას შეიძლება დაემართოს.
* თუ ამ ყველაფრის ორგანიზებას ვერ ახერხებთ, მიმართეთ თერაპევტს.
ავტორი: დავით ზაუტაშვილი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია