აუტიზმის პროგრამა
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა
"საქართველოს ბავშვები" წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერ ორგანიზაციას. პროგრამის მოსარგებლეები არიან 2015 წლის 1 ივლისამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2-დან 15 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი ძირითად დიაგნოზად.
მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ქცევითი თერაპიით (ABA), რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს. ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ქცევითითერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, და სხვა) კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20 ინდივიდუალური სეანსის მიწოდებას, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად.
აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ჩვენი მხარდამჭერები არიან ქცევის გამოყენებით ანალიზში საერთაშორისო ექსპერტები: ბარი პარსონსონი, პროფესორი ახალი ზელანდიიდან, „საქართველოს ბავშვების“ ერთ-ერთი დამფუძვნებელი და ტრევორი სტოუქსი, ამერიკელი პროფესორი, ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტში აუტიზმის ინტერპროფესიული კლინიკის დირექტორი, რომელიც ასევე არის „საქართველოს ბავშვების“ საპატიო წევრი.
„საქართველოს ბავშვებს“ ქცევითი თერაპიის განხორციელების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. „საქართველოს ბავშვებმა“ 1998 წლიდან დაიწყო ქცევის გამოყენებითი ანალიზის შესახებ ცოდნის გავრცელება და აღნიშნული მიდგომით მუშაობის დანერგვა საქართველოში, რისთვისაც ორგანიზაციის დამფუძვნებლები ბარი პარსონსონი და ჯენიმერი კასტელფრანკ-ალენი 2014 წელს დაჯილდოვდნენ ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ;
პროგრამში ჩართვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი) ასლი;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლთან ერთად;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მისამართის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ამის დადგენა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საშუალებით;
დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არუმეტეს 2 თვით ადრე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი.
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში.