ადრეული განვითარება

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა

"საქართველოს ბავშვები" წარმოადგენს ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერ ორგანიზაციას.

ადრეული განვითარების პროგრამა ემსახურება 0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასებას, მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.


მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს. მომსახურების მიწოდება ხდება სახლში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მომსახურება გაეწიოს საბავშვო ბაღში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.


სამუშაო სფეროები:

- მოტორული უნარების განვითარება: გადაბრუნება, ჯდომა, დგომა, სიარული, სირბილი, ხტუნვა, დაჭერა, სროლა; ხელით მოჭიდება, მანიპულაცია, გაშვება; თვალით ნატიფი მოძრაობების განხორციელება, თვალ-ხელის კოორდინაცია, ხატვა და ა.შ.

- შემეცნებითი უნარების განვითარება: აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, აზროვნება.

- მეტყველებითი/კომუნიკაციური უნარების განვითარება: მეტყველების სტიმულირება; ბგერების, სიტყვების წარმოთქმა; სიტყვების, წინადადებების გაგება; სიტყვების კომუნიკაციისთვის გამოყენება და ა.შ.

- სოციალურ-ემოციური განვითარება: მოზრდილებთან, თანატოლებთან ურთიერთობა, თამაში; ემოციების გამოხატვა და გაგება და ა.შ.

- თვითმოვლის უნარების განვითარება: კვება, ჩაცმა/გახდა, დაბანა, ტუალეტის უნარები.

- ქცევითი სირთულეების დაძლევა: აგრესია, თვითდამაზიანებელი ქცევები, ტანტრუმი, წესებისადმი დაუმორჩილებლობა და ა.შ.

- მშობლობის უნარების გაძლიერება: მშობლების კონსულტირება ბავშვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით


ვინ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით:

ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ განვითარების ერთ რომელიმე სფეროში შეფერხება ან აღენიშნებათ ქცევითი სირთულეები.


მომსახურების ფორმები:

  • ინდივიდუალური მუშაობა ბავშვთან და ოჯახის წევრებთან

  • ჯგუფური მუშაობა ბავშვებთან

  • მშობლების კონსულტირება ბავშვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით

  • ბაღის აღმზრდელებთან თანამშრომლობა


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვთა ადრეული განვითარების ვაუჩერის მიღებისა და "საქართველოს ბავშვებში" წარდგენის შემდეგ.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში.

ვაუჩერული დაფინანსების ან მის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს ან გაეცნოთ ინფორმაციას მათ ვებ გვერდზე.