„საქართველოს ბავშვები“ არის არასამთავრობო, არაკომერციული ტიპის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზნებია ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის მაღალი ხარისხის პროფესიული მომსახურების გაწევა, რომელთაც ეს მომსახურება ესაჭიროებათ. "საქართველოს ბავშვები" ასევე აწარმოებს კვლევებს, უწევს კონსულტაციას და ატრენინგებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საზოგადოებრივ და სამთავრობო ორგანოებს ორგანიზაციის მისიისათვის შესაბამის სფეროში

 

უსაფრთხოდ გადადი გზაზე 

 

ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვები“ დაინტერესებულია საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის საკითხებით. ასევე, მხარს უჭერს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას.

საგზაო წესების უგულებელყოფა, როგორც მძღოლების, ასევე ქვეითთა მხრიდან, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია საქართველოში. ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მომავალი თაობის უსაფრთხოების მიზნით ,,საქართველოს ბავშვები” აწარმოებს კამპანიას საგზაო მოძრაობის დარეგულირების ერთ-ერთი საშუალების - ზებრა გადასასვლელის პოპულარიზაციის მიზნით.

ამ ეტაპამდე კამპანიის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 2011 წლის აპრილსა და მაისში თბილისის 9 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ჩაატარა დისკუსიები თემაზე ,,უსაფრთხო მოძრაობა გზებზე“. აღნიშნული დისკუსიების მიზანი იყო ბავშვების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. დისკუსიებში ბავშვების ჩართულობა და მათი დაინტერესების დონე იყო მაღალი, ისინი ცდილობდნენ ემსჯელათ და თვითონვე მოეძებნათ პრობლემის მოგვარების გზები. დისკუსიებში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ზებრა გადასასვლელებზე.

2011 წლის 9 ივლისს ჩატარდა აქცია ,,უსაფრთხოდ გადადი გზაზე“, რომლის მიზანი იყო რეგულირებადი და არარეგულირებადი ზებრა გადასასვლელების პროპაგანდა. აქციის დროს მონაწილეები გადადიოდნენ რეგულირებად ზებრა გადასასვლელებზე და სხვა ქვეითებს პლაკატებითა და ბანერებით მოუწოდებდნენ გზებზე გადასვლის დროს გამოეყენებინათ ზებრა გადასასვლელები. გაიმართა მსვლელობა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის სახელმწიფო ფილარმონიამდე და დარიგდა ბროშურები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ზებრა გადასასვლელების გამოყენების შესახებ. აქციის წამყვანი ნიკა გრიგოლია ქვეითებს ლოზუნგებით მოუწოდებდა გამოეყენებინათ ,,ზებრა“ გადასასვლელები, ხოლო მანქანის მძღოლებს- გზა დაეთმოთ ქვეიებისთვის, როცა ისინი ,,ზებრაზე“ გადადიან. აქცია გაშუქდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ.

ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვები“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქციების ჩატარებას, რადგანაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება ამ მიმართულებით აუცილებელი პირობაა ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად.

ორგანიზაცია ეძებს პარტნიორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საკითხით და მზად არიან ითანამშრომლონ ,,საქართველოს ბავშვებთან“.
 

ტრენინგი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისათვის  

საქართველოს ბავშვების საერთაშორისო კონსულტანტების: ბარი პარსსონსონისა (ახალი ზელანდია) და ტრევორ სტოუქსის (ა.შ.შ.) მიერ 2011 წლის 22-30 ივნისს ჩატარდა ტრენინგი საქართველოს 9 რეგიონის ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისათვის.  ტრენინგის თემა იყო: რთული ქცევის მართვა სკოლასა და ოჯახში. კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ტრენინგის  მონაწილეებმა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტების   რეკომენდაციები.

 

 

გადაუდებელი მინდობით აღმზრდელების ტრენინგი 

    პროექტის  “ბავშვზე ზრუნვის მომსახურების და სისტემების გაძლიერება”, ფარგლებში, საქართველოს ბავშვების ორგანიზებით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით,    2011 წლის 18-25 მაისს და 14-19 ივნისს ჩატარდა  გადაუდებელი მინდობით აღმზრდელების ტრენინგი, რომელის მიზანი იყო მათი მომზადება გადაუდებელი მინდობით აღზრდის საკითხებთან,  ჩვილის მოვლისა და აღზრდის სტრატეგიებთან მიმართებაში;  ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

·         ბავშვზე ზრუნვის სისტემის ზოგადი მიმოხილვა

·         მინდობით აღზრდის მოკლე მიმოხილვა

·         საქართველოს საკანონმდებლო ბაზა  მინდობით აღზრდასთან დაკავშირებით

·         ბავშვის მოვლის ძირითადი საკითხები

·         ბავშვის კვება

·         ბავშვის ჯანმრთელობასთნ დაკავშირებული საკითხები

·         ბავშვის განვითარების თავისებურებები

·         ბავშვის აღზრდის პოზიტიური მიდგომები  

 

ერთად დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 

ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“ ახორციელებს ოჯახების დახმარებას ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. მსგავსი პრობლემების მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ორგანიზაციის თანამშრომლებმა უკვე დაიწყო სახელმწიფოს მიერ გაცემული სასურსათო ვაუჩერების შეგროვება. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ შეუწყოთ ხელი ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდას გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე 218514, ან პირადად მოგვმართოთ ჩვენს ოფისში. თქვენს მიერ გაღებულ დახმარებას (ტანსაცმელი, საბავშვო ინვენტარი, საბავშვო წიგნები, სათამაშოები) ჩვენ მივაწვდით რისკის ქვეშ მყოფ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

    

1 დეკემბერი, შიდსის საერთაშორისო დღე 

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერათაშორისო დღის აღსანიშნავად მაგთი კლუბში გაიმართა ფრედი მერკურის საღამო, რომელიც ორგანიზებული იყო რეგისტრირებული კავშირი ,,საქართველოს ბავშვებისა" და ჯგუფ ქუინის ქართველი ფანების მიერ. საღამოს მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება შიდსის პრევენციაზე და შიდსით ინფიცირებული ადამიანების მხარდაჭერა. 
,,საქართველოს ბავშვები" მადლობას უხდის შიდსის ცენტრს და ასოციაცია ჰერა XXI-ს გაწეული საინფორმაციო და ტექნიკური დახმარებისათვის. ,,საქართველოს ბავშვები" ასევე, მადლობას უხდის ქართველ შემსრულებლებს: ჯგუფ ზარებს, ჯგუფ პორნოპოეზიას, დათო ლომიძეს, მარიამ ლიკლიკაძეს, თათია ყურაშვილს და მეგი გოგიტიძეს

 

 

     

დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის   

2010 წლის 18 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით საქართველოში იმყოფებოდა მანანა მახარობლიშვილი, მცხოვრები ნიდერლანდებში 1994 წლიდან.

ქალბატონი მანანა ნიდერლანდებში მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, ასწავლის მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. საქართველოში ყოფნის პერიოდში მან ”საქართველოს ბავშვების” ორგანიზებითა და ტექნიკური უზრუნველყოფით გააცნო საკუთარი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მის კოლეგებს ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვის ინსტიტუციებში. სულ ჩატარდა ცხრა ორდღიანი პრეზენტაცია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რომელთაც დაესწრო 169 ადამიანი. მანანას მიერ, გარდა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა, პასუხი გაეცა ინსტიტუციების თანამშრომლების მიერ დასმულ კითხვებს მათი მუშაობის პროცესთან დაკავშირებით, მოხდა მათთვის რეკომენდაციების მიცემა. შეხვედრების დროს მონაწილეთა აქტიურობის დონისა და გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ნიდერლანდებში არსებული გამოცდილების გაზიარება საინტერესო და სასარგებლო იყო მათთვის. აღნიშნული პროექტის შესახებ დაიბეჭდა ჰოლანდიის ერთ-ერთ ადგილობრივ ჟურნალში

   

 ერთად გარემოსა და მომავლისათვის                                           

‎2010 წლის 3 ნოემბერს "საქართველოს ბავშვების" ორგანიზებით, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ეზოში დაირგო სხვადასხვა სახეობის ხეხილი. ამ აქტივობაში ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები "საქართველოს ბავშვების" თანამშრომლებთან და ჩვილ ბავშვთა სახლის პერსონალთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ერთად ვიზრუნოთ ჩვენს გარემოსა და მომავალზე! 

 

 

     

 2010 წლის ზაფხულის ტრენინგები 

"საქართველოს ბავშვების" ორგანიზებით ივლისის თვეში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებთან დაკავშირებით: "ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებების შეფასების მეთოდები და "კლასის ქცევის მართვა". ტრენინგს წარუძღვნენ ორგანიზაციის ახალზელანდიელი დამფუძნებლები: დოქტორები ჯეინ მერი როულსი და ბარი პარსონსონი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ჯეიმს მედისონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ტრევორ სთოუქსი. 

 

  სოციალური ინკლუზია თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის 

ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად არასამთავრობო ორგანიზაციების ,,საქართველოს ბავშვების’’ და ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიის’’, ასევე, ზოოპარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის 3-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები ესტუმრნენ თბილისის ზოოლოგიურ პარკს. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ევროპელმა მოხალისეებმაც. აქტივობის მიზანი იყო მზრუნველობამოკლებული ბავშვების განვითარების სტიმულირება, მათთვის ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ახალი ინფორმაციის მიწოდება და თბილისის ზოოლოგიური პარკის ფლორა-ფაუნის დათვალიერება.

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა კარგი გამოცდილება მიიღეს, რადგანაც ზოოლოგიური პარკი იყო ახალი გამოცდილება მათთვის. მათ მოხალისეებთან ერთად  დაათვალიერეს ზოოლოგიური პარკი და ჩაებნენ სხვადასხვა საბავშვო თამაშებში.  

,,საქართველოს ბავშვები’’ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რაგდან მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების განვითარებისა და საზოგადოებაში ინკლუზიის პროცესის ხელშეწყობა.

 

  

  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველსა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის. 

2010 წლის 11 მაისს სახალხო დამცველმა (სახალხო დამცველთან არსებულმა ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრმა) და  ბავშვის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ვრცლად
 

 

 

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგისტრირებულ კავშირ "საქართველოს ბავშვებს" შორის მემორანდუმი გაფორმდა 

2009 წლის 11 მაისს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში კოორდინირებული მუშაობისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ და რეგისტრირებული კავშირის "საქართველოს ბავშვების" თავმჯდომარე ჯაბა ნაჭყებიამ  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმეს.
მხარეთა კომპეტენციების შესაბამისად, აღნიშნული მემორანდუმი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობასა და ოჯახის მხარდამჭერი სერვისების განვითარებას ემსახურება. თავის მხრივ, ოჯახის მხარდამჭერი სერვისები გულისხმობს მიმღები მშობლებისა და ბიოლოგიური ოჯახების კონსულტირებასა  და დახმარებას ასევე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სერვისებს.
პროექტი ითვალისწინებს 3-6 წლის ასაკის ბავშვების საგანმანათლებლო საჭირობებზე მუშაობას  და ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და ოჯახებში გადაყვანილი ბავშვების ჩართვას ინკლუზიური განათლების პროცესში.  

  

 

საიტი არის რეკონსტრუქციის პროცესში. . .